თამარ ხოსროშვილი
გ. ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრი
დაიბეჭდა ჟურნალ ”საქართველოს სიძველენში” #15
თუ ქვემო მლეთაში წმ. გიორგის სახელობის ეკლესიას ესტუმრებით შესაძლებლობა გექნებათ თანამედროვე ჯვარ-ხატების გვერდით ადრეული ჭედური ნიმუშების მცირე ექსპოზიცია იხილოთ. ისინი შემინულ კიოტშია დაბრძანებული - სამი საწინამძღვრო ჯვარი, ერთი სამწერობელი, ერთი ხატი და ერთიც უცნაური ფორმის ნივთი - მლეთაში მას “ლომისის ხატს” უწოდებენ.
დღეს, ქვემო მლეთაში მამათა მონასტერია, ეკლესიაში რეგულარულად ტარდება წირვა-ლოცვა. აქ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ მსურველს აქვს შესაძლებლობა ლომისის ჯვარ-ხატების ხილვისა და მოლოცვისა. რამდენიმე ათეული წლის წინ კი, ტოტალიტარული რეჟიმის პირობებში საქმე სრულიად სხვაგვარად იყო!
აი, რას გვიამბობს 1969 წლის მოგზაურობის შემდგომ მწერალი ლევან გოთუა:
“შარშანდელ ზაფხულის მოგზაურობის დროს, სოფელ მლეთში კითხვა-კითხვით მივაკვლიე ლომისას დეკანოზს მხცოვან ხევისბერს შიო ბურდულს. ჩვენი ნაცნობობა იმით დაიწყო, რომ ლომისას ჯვარზე ჩამოვუგდე სიტყვა, ჩანს არ მენდო, შორს დამიჭირა. წიგნი დავიშუამავლე, ჩემი "მატიანური" ვაჩუქე. ამ ჯმუხმა, სიტყვაძვირმა მხცოვანმა, თვალით ამზომ-დამზომა, მერმე წიგნს დაჰხედა, ჩაძიებით დათითა გვარ-სათაური. შუბლი შეკრა. რაღაც მძიმე საფიქრალს შენისლულად შეუდგა. აივანზე ვისხედით. მთის ირიბი შხაპუნა უთვალავ სიმებად სერავდა ხეობას. ლომისას მთა ნისლა-ბურად იყო.
მოულოდნელად ოთახის ღია კარიდან ქალის ხმა მოისმა:
- სტუმარმა თავისი წიგნი მოგვცა... მწერალიც ქალაქელი ხევისბერია! ეგეც მისი გულის ნადებია!.. შენც ენდე - ლომის-პაპავ!
შიოს ყურმძიმობა შევატყვე. თუმცა ეს სიტყვა ჩანს გაიგო. ალბათ გადაწყვეტას ერთი წკიპარტი აკლდა. შიომ წიგნი ოთახში შეიტანა, ჩემი წანაწერი იმავ ქალის ხმას წააკითხა, გასაღებების შეკვრა გამოიტანა და მე უსიტყვოდ გამიყოლა. წვიმა ცისარტყელაში გაძვრა და გადიკარა. სოფლის თავში, გზის პირას, არც თუ ძველ საყდარს მივადექით. დარკინული კარიბჭე რამოდენიმე ბოქლომ-ურდულით იყო დაკეტილი. შიო ბოქლომებს ხელჩვეულად აღებდა და მე ეჭვიანად მიმზერდა;
- ქალაქელო შენ პირველი ხარ, ვისაც ვენდე! გაჩვენებ ლომისას ჯვრებსა და შენაწირს... გფარავდეს მისი მადლი! სანანებელი არ შემექნას..
ვანუგეშე და შიგ შევყევი. ასე ვნახე პირველად, ხალხის მიერ დაცული, მრავალი თვალსაზრისით. საყურადღებო და მნიშვნელოვანი ლომისას განძი: დიდი, წინგასაძღოლი, ვერცხლისა და მოოქრული წარწერიანი ჯვრები, კეთილნაჭედი სამწერობლები, ხატები, უამრავი შემოწირული თასები და ყანწები...
...ლომისას საგანძურის მიგნებამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ჩვენს მთაში გარდა სვანეთისა, რომელიც ცნობილია, კიდევ ბევრი არის საყურადღებო ჭედური მისაკვლევი და აღსარიცხი. ..”
ამ მოგზაურობის შემდგომ, 1969 წელს ძეგლთა დაცვის საზოგადოების პრეზიდიუმმა, მწერალ ლევან გოთუას ინიციატივით სოფელ მლეთაში ექსპედიცია მოაწყო. ექსპედიციაში მონაწილეობდნენ ირაკლი ზაქარიაშვილი, გურამ აბრამიშვილი და ოთარ სანებლიძე. მათ სრულად აღწერეს და ფოტოზე აღბეჭდეს იქ დაცული განძი, სამი ნიმუშის მცირე აღწერილობა და ფოტო ჟურნალ “ძეგლის მეგობარშიც” გამოაქვეყნეს. დანარჩენი აღწერილობანი და ფოტოები სავარაუდოდ ძეგლთა დაცვის საზოგადოების არქივშია საძიებელი.
სწორედ “ძეგლის მეგობარში” გამოქვეყნებული სამი ნიმუშით დავიწყებ ლომისის ჯვარ-ხატების დახასიათებას, უპირველესად კი ვერცხლის სამწერობელს წარმოგიდგენთ, რომელმაც პირველი ნახვისას ყველაზე მეტად მომტაცა თვალი (სურ. 1).
1. სამწერობელზე (37,5×28,20სმ.) ქერუბიმია გამოსახული, რომლის ფრთებიც მის ოთხივე მკლავზეა განფენილი. მკლავებშია ჩასმული მახარებელთა მცირე ზომის სიმბოლური გამოსახულებებიც: სამწერობელის ზედა მკლავში წმ. იოანე მახარებლის სიმბოლო – არწივი, მარჯვენა მკლავში წმ. მარკოზ მახარებლისა - ლომი, მარცხენაში წმ. ლუკა მახარებლისა - ხარი, წმ. მათე მახარებლის სიმბოლოდ კი თავად ქერუბიმია ნაგულვები. სამწერობელს ოთხივმხრივ ვიწრო სამყურა ყვავილებისგან შექმნილი ორნამენტული არშია შემოუყვება, რომელიც ფონისგან გრეხილი ხაზითაა გამიჯნული. ფონიც მთლიანად ორნამენტითაა დაფარული. სამწერობელის უკანა მხარე სრულიად მოურთავია და უწარწერო (სავარაუდოდ ეს სადა ფირფიტა მოგვიანებით გადააკრეს დაზიანებულ ნიმუშს). 1969 წელს მოწყობილი ექსპედიციის წევრებმა ეს ნიმუში ორნამენტული დეკორიდან გამომდინარე XVI საუკუნით დაათარიღეს. ზუსტად ისეთი ორნამენტი, როგორიც ლომისის სამწერობელზეა ჩემს ხელთ არსებულ მასალაში ვერ მოვძებნე, თუმცა უნდა აღინიშნოს რომ XVI საუკუნის ნიუშებში მრავლადაა გამოყენებული მსგავსი სამყურა ყვავილები. ძალზე დამახასიათებელია XVI საუკუნის ნიმუშებისთვის ყვავილებით ასე უხვად დატვირთული ფონიც.
სამწერობელზე გამოსახული ქერუბიმი ჯვრისებრ გაშლილი ფრთებით, რომელსაც სამივმხრივ მახარებელთა სიმბოლური გამოსახულებანი აქვს, საკმაოდ გავრცელებული იკონოგრაფიაა საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც. გ. ჩუბინაშვილის წიგნში რამდენიმე მსგავსგამოსახულებიანი ნიმუშია წარმოდგენილი - ობუჯიდან, ქუთაისიდან, ზარზმიდან, მესტიიდან და შემოქმედიდან, ჩვენს მიერ განხილული ნიმუში ამ კუთხით განსაკუთრებულად ობუჯის სამწერობელს ჰგავს, რომელის ცენტრშიც ისეთივე დიდი, ჯვრისსახად ფრთებგაშლილი ქერუბიმია გამოსახული. დანარჩენებზე ექვსფრთედები ბევრად უფრო მცირე ზომისანი არიან, იმდენად რომ ცენტრალურ ნაწილში ფრთებიანად თავსდებიან მახარებელთა სიმბოლურ გამოსახულებებთან ერთად, მკლავებზე კი სხვა გამოსახულებებია. მართალია არსებობს კომპოზიციურად მსგავსი სამწერობლები, თუმცა ჩვენს მიერ ჩამოთვლილი ყოველი მაგალითი იერ-სახით ძალზე განსხვავდება ლომისის გამოსახულებისგან (კომპოზიცია, დამუშავების მანერა, სტილი...).
2. მეორე, ძალზე საინტერესო ნიმუში ვერცხლის საწინამძღვრო ჯვარია (44×39სმ) (სურ. 2). მისი ოთხივე ტრაპეციულად გაფართოებული მკლავი ბოლოებში ბრტყელი მედალიონებითაა დაბოლოვებული. გარდა გვერდითა მედალიონებისა ზედა მკლავს ოდნავ მოზრდილი დამატებითი მედალიონიც აქვს მიმაგრებული, რომელზედაც ღვთისმშობლის გამოსახულებაა ამოტვიფრული. ესეცა და დანარჩენი ყველა გამოსახულება ამ ჯვარზე ტვიფრული წესითაა შესრულებული. ჯვრის ცენტრში ცხენოსანი წმინდა გიორგია გამოსახული. მის ზემოთ, ზედა მკლავში თაღოვან მოჩარჩოებაში აღსაყდრებული ჩვილედი ღვთისმშობელია. გვერდითა მკლავებში ორსავ მხარეს ერთნაირი ჯვარცმაა, მათსა და ცენტრალურ გამოსახულებას შორის თითო ძვირფასი ქვაა ჩასმული. ქვედა მკლავში მხოლოდ ორნამენტული დეკორია. მთლიანად ორნამენტითაა დაფარული ფონიც. ჯვრის ზურგზე ერთმანეთში არეული ასომთავრული და ხუცური 18 სტრიქონიანი წარწერაა, რომელიც ჩვენს მიერ დასახელებულმა ექსპედიციის წევრებმა წაიკითხეს და გამოაქვეყნეს კიდეც ჟურნალ “ძეგლის მეგობარში”. (სურ. 3)
1. ქ: სახელით(ა) ღვთისაით(ა) ესე
2. ხატი ჩვენ შევაქმნ
3. ევინეთ ბურ
4. დულმ(ა), ცხორე
5. ბელმ(ა)
6. ნუგზარ
7. ერისთავი
8. ისა ჟამსა (ოდეს)
9. გატეხილ (იყო)
10. მთავარმოწამე
11. ლომმ(ისა)ო
12. ჩემის სი
13. მრთელის
14. გულისთ (ვის)
15. ჩემის (უღ)ლის
16. საქონელისათვის
17. შევაჭედი
18. ნე ესე
19. ხატი წმიდაო
20. გიორგი
21. შევცვალე
22. ღმერთმან მომივ
23. ლინოს მკვდარსა
24. შეუნდვნენ ღმერთმან.
როგორც ზემოთ მოყვანილი წარწერიდან ირკვევა, ადგილობრივ მაცხოვრებელ ბურდულს შეუკეთებია ეს ჯვარი "ნუგზარ ერისთავის ჟამსა", (ოდეს) გატეხილ (იყო)".
ნუგზარ ერისთავის სახელი მაშინათვე XVI-XVII საუკუნეეების მიჯნაზე მოღვაწე ცნობილ არაგვის ერისთავს გვაფიქრებინებს და ასეც მეგონა, მანამ, სანამ თ. ჯოჯუას არ ვაჩვენე წარწერა, რომელიც მან ოდნავ უფრო ადრეულად მიიჩნია. ხოლო რაც შეეხება წარწერაში მოხსენიებულ ნუგზარ ერისთავს, მანვე შემახსენა რომ იყო ისტორიაში კიდევ ორი ნუგზარ ერისთავი – და შესაძლოა სწორედ ერთი მათგანი იხენიებოდეს ამ წარწერაში. ამ ნუგზარებთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა, მ. ბახტაძე ერთს XIII საუკუნის მოღვაწედ მიიჩნევს, მეორეს კი XV საუკუნის მეორე ნახევრისად. თ. ჯოჯუას კვლევებით კი ირკვევა, რომ ერთი XV საუკუნის პირველ ნახევარში მოღვაწეობდა, მეორე – XVI საუკუნის დასაწყისში. წარწერაში, შესაძლოა, სწორედ ეს უკანასკნელი იხსენიებოდეს – ძველი დინასტიის წარმომადგენელი, XVI საუკუნის დასაწყისის ნუგზარ ერისთავი შაბურისძე. (მოგეხსენებათ, შემდგომ უკვე არაგვის ერისთავობა სხვა გვარის ხელში გადადის).
ეს წარწერა კიდევ ერთ საყურადღებო ინფორმაციას გვაწვდის, რომ ჯვარი შეაკეთეს “ოდეს გატეხილ იყო”-ო. ე.ი. ეს ჯვარი ნუგზარ ერისთავამდე ყოფილა შეჭედილი, რასაც არა მხოლოდ წარწერა, არამედ თავად ჯვრის ქვედა ფენაც გვიდასტურებს, რომელიც წმ. გიორგის დაზიანებული გამოსახულების მიღმა მკაფიოდ მოჩანს. (სურ. 4) ესაა ნატიფი, ყვავილოვანი ორნამენტი, რომელიც ბევრად უფრო ადრეულ საუკუნეებს უნდა განეკუთვნებოდეს. ასეთ ხუთფოთოლა ყვავილებს ჩემს ხელთ არსებულ ფოტოებში ზუსტი ანლოგი ვერ მოვუძებნე, თუცა ყველაზე მეტად ისინი სტილისტურად XI საუკუნის ნიმუშებს ენათესავება.
ახლა კი, კვლავ გვიანდელ ფენას დავუბრუნდეთ, კერძოდ ჯვრის ცენტრალურ ფიგურას – ცხენზე ამხედრებულ, გველეშაპის შემმუსვრელ წმ. გიორგის (სურ. 5). გამოსახულება ძალზე დაზიანებულია და მისი დეტალური დახასიათებაც გაჭირდებოდა, რომ არა გ. ჩუბინაშვილის წიგნში წარმოდგენილი მისი იდენტური ოთხი გამოსახულება. წიგნში წარმოდგენილია იმ მატრიცათა ფოტოებიც, რომლის მიხედვითაც შეიქმნა ეს შტამპირებული გამოსახულებანი. (ეს მატრიცები ახლა ხელოვნების მუზეუმის საგანძურის ექსპოზიციაშია გამოფენილი). ამ ოთხი ნიმუშიდან, რომელიც ჩუბინაშვილის წიგნში ვნახე, სამი ხატია – თბილისიდან (ის სიონში ინახებოდა, ახლა საგანძურის ექსპოზიციაშია), ჟიბიანიდან და გულე-კარიდან, ჯვარი კი ბოდორნადანაა. წიგნში ბოდორნის ჯვრის მხოლოდ ცენრალური ნაწილის ფოტოა წარმოდგენილი, ამ ფრაგმენტითაც აშკარაა მსგავსება მასა და ლომისის ჯვარს შორის (სურ. 6) ეს ნიმუში შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის საგანძურში მოვიკითხე, ჯვარი ფონდში აღმოჩნდა, მასთან ერთად კი, კიდევ ორი მსგავსი ჯვარი, ისინიც ბოდორნიდან. სამივე ძალიან ჰგავს ერთმანეთს და სამივეზე ერთი და იგივე მატრიცებია გამოყენებული, უბრალოდ გამოსახულებანია სხვადასხვაგვარად გადანაწილებული. დანარჩენ ორ, ჩემს მიერ მოულოდნელად ნანახ ნიმუშზე ღვთისმშობლის გამოსახულებანი სჭარბობს. ამ უკანასკნელზე, კი როგორც აღვნიშნეთ ლომისის ჯვრის მსგავსად ცენტრში წმ. გიორგია ამოტვიფრული. ბოდორნის ჯვრის ადგილზე ნახვამ დამარწმუნა, რომ ის ძალზე ჰგავს ლომისის ჯვარს – არა მხოლოდ გამოსახულებებით, არამედ აღნაგობით, ზომით, ორნამენტული დეკორით, თვლების გადანაწილებითაც კი. ეს არცაა გასაკვირი, ბოდორნაც ხომ არაგვის საერისთავოსში შედიოდა. მეტიც, ისაა საძვალე არაგვის ერისთავთა ადრეული დინასტიისა – შაბურისძეებისა. დასანანია, რომ სამივე ჯვარი უწარწეროა, თუმცა მათი იერიცა და ადგილმდებარეობაც აშკარად ლომისის ჯვართან მჭიდრო კავშირს გვიდასტურებს და ამ მიდამოებში სახელოსნოს არსებობასაც გვაფიქრებინებს.
გ. ჩუბინაშვილი წერს რომ ისეთი ნიმუშები, რომლებიც შტამპური წესითაა შერულებული კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. არის კი ის გაკეთებული ადგილზე ან ახლომახლო, იმ ადგილებში სადაც ახლა იმყოფება. იქნებ სრულიად სხვა კუთხიდანაა მოტანილი სხვადასხვა ისტორიული ვითარების გათვალისწინებით? როგორც ჩანს შტამპების გადატანის პრეცენდენტიც იყო, რასაც გ. ჩუბინაშვილი სწორედ წმ. გიორგის გამოსახულების მაგალითზე ამტკიცებს. მისი შტამპი გურჯაანიდან მოუტანია მოქანდაკე სესიაშვილს. ამ შტამპით შექმნილი, გ. ჩუბინაშვილის წიგნში წარმოდგენილი ოთხი ნამუშევარი კი, როგორც დავინახეთ სხვადასხვა კუთხეებს ეკუთვნის. შტამპებთან დაკავშირებით საქმეს ისიც ართულებს, რომ ერთი და იგივე შტამპი შესაძლოა არა მხოლოდ ათწლეულების, არამედ ასწლეულების მანძილზეც კი გამოეყენებინათ ოსტატებს. ამიტომაც, ამბობს გ. ჩუბინაშვილი, მკვლევარებისთვის ურთულესი ამოცანაა შტამპებით შესრულებული ნამუშევრების დათარიღება.
ახლა, ამ ოთხ ნიმუშს ლომისის ჯვარიც დაემატა, რომელიც ავტორს ნახსენები არ აქვს, ეჭვსგარეშეა მან არ იცოდა ამ ჯვრის არსებობის შესახებ. Lლომისის ჯვართან დაკავშირებით საქმე შედარებით მარტივადაა, წარწერა დამკვეთის გვარსაც გვაუწყებს და იმასაც, რომ ეს ჯვარი კონკრეტულად ლომისისთვისაა შეჭედილი. წარწერავეა ამ ნიმუშის მთავარი დამათარიღებელი.
3. მეორე საწინამძღვრო ჯვარი, რომელიც მლეთაშია დაცული და ჟურნალ “ძეგლის მეგობარშიცაა” ნახსენები, ზომით ბევრად აღემატება ნუგზარ ერისთავის დროს შეჭედილ ჯვარს (98×65სმ) (სურ. 7). ამ ჯვარზეც გამოსახულებანი შტამპური წესითაა შესრულებული. ერთიან, ვერცხლის ფირფიტაზე გამოსახულებები “ხატებადაა” ამოტვიფრული. თითოეულ მკლავზე სამ-სამი პატარა, ტოლი ზომის, ერთმანეთთან მიჯრილი ხატი და თითოც შედარებით მოზრდილი ზომისა. ოთხივე ამ მოზრდილ “ხატზე” ცხენზე ამხედრებული, დიოკლეტიანეს შემმუსვრელ წმინდა გიორგია გამოსახული, ისინი თითოეული მკლავის ტრაპეციულად გაფართოებულ დაბოლოებაზეა ამოტვიფრული და ოქროთია დაფერილი. ისევე როგორც წმ. გიორგის ეს ოთხი იდენტური გამოსახულება, პატარა გამოსახულებებიც სარკისებურად, ოთხივე მხარეს მეორდება. ცენტრიდან ნაპირისკენ პირველია ჩვილედი ღვთისმშობლის ე.წ. “ხატები”, შემდეგ “ჯოჯოხეთის წარმოტყვევნა”, ხოლო რაც შეეხება რიგით მესამე გამოსახულებას, ვერტიკალზე და ჰორიზონტალზე სხვადასხვა სცენაა გამოსახული – ორგან აღსაყდრებული ქრისტე, ორგანაც წმ. გიორგი, ოღონდ უკვე სხვა იკონოგრაფიით – ისევ ცხენზე ამხედრებული, მაგრამ ახლა დიოკლეტიანეს ნაცვლად გველეშაპის შემმუსვრელი.
ჯვრის ცენტრში ევროპულ სტილში შესრულებული ჯვარცმის გამოსახულებიანი მოოქრული ფირფიტაა მიმაგრებული. რომელიც სტილისტურად XIX საუკუნეს განეკუთვნება, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ჯვარიც ამ პერიოდისაა, რასაც უპირველესად მის ზურგზე არსებული წარწერები გვიდასტრურებს. ზურგზე ჯვარს ორი წარწერა აქვს. მასში ამოკითხული ინფორმაციით ვერაფერს ვიგებთ თარიღის შესახებ, მხოლოდ პალეოგრაფიული მონაცემები თუ დაგვეხმარება. წარწერა ორგანაა, თან ძალზე უცნაურად, თავისუფლად... თითქოს უცბად, კალმით მიაწერესო, ისინი იერით, შესრულების ტექნიკით საგრძნობლად განსხვავდება ერთმანეთისგან – ერთი მარჯვენა მკლავზეა, მეორეც ქვედა მკლავზე. პირველ წარწერაში ვკითხულობთ:
“დიდ{ე}ბაÁ წ{მიდას}ა გ{იორგ}ი ლომის{ის]ა მთოარმოწ{ა}მესა” (სურ.8).
მეორეში კი:
“დიდი მოიჭირა ვ{ა}რდ{ა}ნ, შ{ეუნდვნე}ნ ღ{მერთმა}ნ ბ{უ}რდულს” (სურ. 9).
ამ წარწერებზეც თ. ჯოჯუას ვთხოვე დახმარება. მისი ვარაუდით ეს უკანასკნელი XV საუკუნეს უნდა განეკუთვნებოდეს, მეორე კი, უფრო მოგვიანო პერიოდს – XVI საუკუნეს.
ნათელი ხდება რომ ეს ჯვარიც, ისევე როგორც ჩვენს მიერ აღწერილი წინა ნიმუში გვარად ბურდულს მოუჭედვინებია, სწორედ ლომისის წმიდა გიორგისთვის ე.ი. ეს ჯვარიც, სხვა რომელიმე კუთხიდან კი არ მოუტანიათ, არამედ ის სწორედ ლომისისთვის შეიქმნა.
4. მესამე საწინამძღვრო ჯვარიზე პირდაპირაა მითითებული გაკეთების თარიღი, მოხსენიებულნი არიან შემკვეთნიც, მომჭედველნიც. (სურ. 10) ჯვარს მხედრული წარწერა შემოუყვება გარს და აი რას გვაუწყებს:
“ლომისის წმიდის გიორგის ხატები გაკეთდა თავისი საქონლიდამ დროსა ბურდულებისა, და ღვდელი ბესარიონის და დეკანოზების შიოსი და გამახარესი და ნიკოლოზის და ადმასი და მისი ხელმკადრე და გამკეთებელი ვიყავით ჩვენ ოქრომჭედლები სვიმონა და დავით. ქ(ორონი)კ(ონ)ს ფბ (502).” ანუ 1814 წელს.
ე.ი. ეს ჯვარიც, ისევე როგორც წინა სპეციალურად ლომისისთვის გაკეთდა და მის წარწერაშიც ბურდულთა გვარია ნახსენები. წინა ორივით ესეც შტამპური წესითაა შესრულებული, ორივე მხარე გამოსახულებებიანია, - ორივეგან ჯვარცმაა, თუმცა ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული. წარწერიან მხარეს ზუსტად ისეთი ჯვარცმის გამოსახულებაა, როგორიც ჩვენს მიერ განხილულ წინა ჯვარზე მიმაგრებულ ფირფიტაზე, ოღონდ ამ შემთხვევაში ეს გამოსახულება პირდაპირ ჯვარზე ამოუჭედიათ, სამაგიეროდ მეორე მხარეს გამოსახული ჯვარცმაა სხვა ფირფიტაზე შესრულებული და ჯვარზე მიმაგრებული, თან იმგვარად, რომ ზუსტად არ ერგება ჯვრის სილუეტს და ოდნავ გვერდებზე გადმოდის (სურ. 11).
გარდა ცენტრში გამოსახული ამ ორი, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ჯვარცმისა, ორივე მხრიდან ჭედური გამოსახულებებითაა შემკული ჯვრის სამყურად დაყოფილი თითოეული მომრგვალებული ბოლო. რვავე ერთიდაიგივე გამოსახულებაა - ჯვრისსახად განაწილებული, მედალიონებში ჩასმული მახარებელთა ნახევარფიგურები, მათ შორის, ცენტრში - ჩვილედი ღვთისმშობელი. უცნაური ისაა, რომ ეს ფირფიტები ვერტიკალზე თუ ჩვეულებრივ, ვერტიკალურადაა მიმაგრებული, ჰორიზონტალურ მკლავებზე ამოუბრუნებიათ და ჰორიზონტალური მიმართულებით მიუმაგრებიათ, რაც მათ სამკაულის იერს უფრო სძენს. ესეც XIX საუკუნის ერთ-ერთი “თავისებურება”!
5. მლეთაში ერთი ჭედური ხატიცაა (სურ. 12) მას ჩვეულებრივი ხატებისგან განსხვავებით სახელური გამოარჩევს, რაც იმაზე მიუთითებს რომ ეს ხატიც საპროცესიო დანიშნულების იყო. ხატზე აღსაყდრებული ქრისტეა გამოსახული გაშლილი სახარებით ხელში, მის ირგვლივ თორმეტი ფიგურა შემოჯარულა. ერთი შეხედვით შესაძლოა თორმეტივე მოციქულად მიიჩნიოთ, თუმცა, მასზე ორი ფიგურა წმ. დედებს უფრო მოგვაგონებს იერითა და ჩაცმულობით, (თითქოს თავსაბურავი ახურავთ); ვინაობის დადგენას უწარწერობაც უშლის ხელს. არც ფიგურებს აქვთ წარწერები, არც ხატია დასათაურებული, და ქრისტეს გაშლილი სახარებაც კი სულიად ცარიელია – უწარწერო;
ხატს არც ზურგზე აქვს რაიმე წარწერა, რომელიც მისი შექმნის თარიღს ან მის შემქნელთა ან დამკვეთთა ვინაობას, ან მის სადაურობას გვამცნობდა. ვინაიდან ეს ნიმუში შტამპურად არაა შექმნილი, “გასაღები” მისი იერ-სახეა, რომელიც ძალზე ჩამოჰგავს XVIII საუკუნის ნიმუშებს. უპირველესაც ხატის ჩარჩოს ორნამენტი იპყრობს ამ მხრივ ყურადღებას, რომლის რიტმულად გამეორებული, ზუსტად ერთნაირი ოთხყურა ყვავილები ამ პერიოდის ორნამენტულ დეკორს ენათესავება. თუნდაც წმ. საბას XVIII საუკუნით დათარიღებული ხატი გავიხსენოთ.
6. დასასრულ, განსახილველად ერთი განსაკუთრებული ჭედური ნივთი შემოვინახე, რომელიც ოთხივმხრივ ნახევარწრიულადაა შეზნექილი და ფორმით ოთხქიმიან ვარსკვლავს მოგაგონებთ (სურ. 13). მისი ჭედური პერანგი ერთმანეთს შეჭედილი სხვადასხვა ორნამენტული “ნაგლეჯებისგანაა” შეკოწიწებული. ამ ნივთის რაობის დადგენა მისი ფორმით ან დეკორით შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა ს. მაკლათიას წიგნი “მთიულეთი” , რომელშიც მრავალ საინტერესო ცნობას ვიგებთ ლომისის და კერძოდ ჩვენს მიერ განსახილველი ნიმუშის შესახებ - რამდენიმე ფოტოსთან ერთად წიგნში მისი ფოტოცაა და “ლომისის ხატადაა” სახელდებული (სურ. 14). ფოტო შავთეთრია, პატარა ზომისა და ძალზე უხარისხო, თუმცა ლანდებად მაინც გაირჩევა ზედ ამოჭედილ წმინდანთა გამოსახულებანი, დღეს მლეთაში დაცულ ნიმუშზე კი როგორც უკვე აღვნიშნეთ სხვადასხვა ჭედური “ნაჭრებისგან” შეკოწიწებული ორნამენტული დეკორია. არადა, ახლანდელი ნიმუში და ძველ ფოტოზე აღბეჭდილი რომ ერთი და იგივეა, ამას მოწმობს აბსოლუტურად იდენტური სილუეტი, წაწვეტებულ ბოლოებზე მიმაგრებული მედალიონები (თუმცა ახლა ერთი დაკარგულია), სახელურის ფორმა, სახელურზე მიმაგრებული სფერო, რომელიც ზუსტად ისეა შეჭეჭყილი, როგორ ფოტოზე. რაც შეეხება ადრინდელ ჭედურობას, მასზე სულ ხუთი ფიგურაა გამოსახული, ერთი წმინდანი ცენტრშია, მთელი ტანით, ოთხი კი ოთხ წაწვეტებულ ნაწილში, წრეებშია ჩაწერილი. უხარისხო ფოტოზე ფაქტობრივად შეუძლებელია მათი ვინაობის დადგენა, ამას ხელს უშლის ნივთზე დაკიდებული ორი ჯვარიც, რომლებიც ზუსტად ცენტრალურ გამოსახულებას ეფარება. თუმცა, ლოგიკურადაც და იერითაც ცენტრში მდგომი წმინდანი წმ. გიორგი უნდა იყოს, ნახევარწრეებში ჩაწერილი ფიგურები კი, მახარებელნი.
ამრიგად, მლეთის ეკლესიაში დაცული, ეს უცნაური ნივთი ე.წ. “ლომისის ხატია”, რომელსაც 1930 წელს (ამ დროს დაიბეჭდა ს. მაკლათიას წიგნი) ნამდვილად განსხვავებული, წმინდანთა გამოსახულებიანი ჭედურობა ამკობდა. დღეს კი, ჩვენთვის უცნობი მიზეზების გამო იგივ “ლომისის ხატს” სხვაგვარი პერანგი მოსავს. იქნებ დაზიანდა ის ადრინდელი ჭედურობა ან სრულიად განადგურდა, ან რაიმე მიზნით მოიხსნა და დღევანდელით ჩანაცვლდა?
“ლომისის ხატთან” დაკავშირებული, ზემოთ განხილული რიგი პრობლემური საკითხებისა, დასაფიქრებელია მისი იერ-სახე (ფორმას ვგულისხმობ!), რომელსაც ანალოგი არ მოეძებნება. . . იქნებ პასუხი მის შესახებ არსებულ გარდამოცემაშია საძიებელი, თქმულება კი ასეთია:
თურმე ხვარაზმელთა შემოსევისას, მტერს 7000 ქართველი დაუტყვევებია და თან წაუყვანია. ტყვეებს მთიულეთის მთავარი ხატი “გზოვანის წმ. გიორგი” წაუბრძანებიათ უცხო ქვეყანაში. ამ ხატის გამო ხვარაზმელთა ქვეყანას მრავალი განსაცდელი დაატყდა თავს. როდესაც მიხვდნენ განსაცდელი მიზეზი ქართველთა ხატი იყო, სულთანს ხატის საკირეში ჩაგდება უბრძანებია. ხატი საკირიდან უმალ ამოფრინდა და თეთრი ხარის რქებზე დაბრძანდა. სულთანი იძულებული გახდა უკან, სამშობლოში გაეშვა ტყვეები. გზად სადაც ამ ხარს შეუსვენია ხალხს ნიში აუგია, ბოლოს კი ხარი ლომისის წვერზე ასულა და გამსკდარა, ხატიც აქ დაფრენილა. სწორედ იმ ადგილას აშენდა ლომისის ეკლესია. ამ ხალხური თქმულების თანახმად სახელი ლომისიც ამ თეთრ ხართანაა დაკავშირებული, რომელსაც ლომა რქმევია. ს. მაკლათია წერს რომ ლომისის ეს ხატი დღეს მთიულეთში არ მოიპოვებაო. დეკანოზების თქმით შიშიანობის დროს ლომისას ეს ძველი ხატი დეკანოზებს გადაუმალავთ და სამაგიეროდ მისი მსგავსი ვერცხლის სხვა ხატი მოუჭედინებიათ, მაგრამ შემდეგ ის გადამალული ხატი ვერ უპოვიათ, მის ძებნას დეკანოზები დღესაც განაგრძობენო. სავარაუდოდ დღეს “ლომისის ხატად” წოდებული ნიმუშია სწორედ ის “სხვა ხატი”, რომელიც შემდგომ მოაჭედინეს, მისი ფორმა კი იქნებ სწორედ ხარის რქებს უკავშირდებოდეს?..
***
ამრიგად, დღეს, მლეთაში ინახება ექვსი საეკლესიო ჭედური ნივთი, რომელთაგან ოთხი ნამდვილად ლომისისთვისაა შეჭედილი, სამ შემთხვევაში ამას წარწერა გვიდასტურებს, მეოთხე კი თავად “ლომისის ხატია”. (ამ ეტაპისთვის გასარკვევი რჩება სამწერობელისა და ხატის წარმომავლობა).
ვინ იცის, იქნებ 1969 წლის ექსპედიციის წევრებს სხვა ნიმუშებიც დახვდათ, (სტატია ხომ მხოლოდ სამის შესახებ მოგვითხრობს, ის სამი ნიმუში ახლაც ადგილზეა!) ამის გასარკვევად მათ მიერ აღწერილი ნივთების ნუსხა დაგვეხმარება, მაგრამ სად ინახება ახლა ეს დოკუმენტაცია უცნობია, ძეგლთა დაცვის საზოგადოება დღეს აღარ არსებობს. ს. მაკლათიასთანაც ძალზე მწირია ამ ნიმუშების შესახებ ინფორმაცია, აი რას წერს ავტორი: “ ლომისას ხატები (ჯვრებია) ვერცხლითაა მოჭედილი და უბრალო ფერად ქვებით შემკული. ორ მათგანს ხუცური გვიანდელი (17 საუკ.) წარწერა აქვს,) სადაც ბურდულთა გვარია მოხსენიებული. მესამე ხატი, რომელიც ლომისას ძველ ხატის პროტოტიპს უნდა წარმოადგენდეს უწარწეროა. ლომისას ერთი ბავრაყი (დროშა) და ალამიც აქვს. ბავრაყი წითელ დროშითა (ნაჭრებით) შემოსილი და ზედ ზანზალაკი ჰკიდია. ალამი კი სამფეროვანია: წითელი (აბრეშუმი), თეთრი და ლურჯი (სატინი). ალამს წვერზე შუბიანი თითბირის ბურთი უკეთია წარწერით: “ალამი არაგვსა და ქსნის ლომისის წმიდა გიორგისა სახელზედა შეწიოს მათი სოტნის კამადერი ბაადურ კაზიბეგი ჩყნთ (1869) წელსა თიბათვესა (6) დღესა”. ლომისას დეკანოზები ამ დროშას, ალამს და სამივე ხატს ქვემო მლეთის ეკლესიიდან გამოასვენებენ და ფერხულის სიმღერა-გალობით ლომისას წვერზე ავლენ, სადაც ლომისას ხატობა იმართება.” სავარაუდოდ ის ორი, ხუცურწარწერიანი “ხატი”, ჩვენს მიერ აღწერილი ხუცურწარწერიანი ჯვრები უნდა იყოს...
ს. მაკლათია ლომისის ზედა ეკლესიის ჭედურ კარზეც გვაწვდის ინფორმაციას, მასზე 19 სტრიქონიანი ხუცური წარწერაა და შემჭედველთა, ოსტატთა და შემწირველთა ვინაობას გვატყობინებს. ეს კარი ახლაც იქ ინახება.
წიგნში იმასაც ვკითხულობთ, ლომისობაზე ვერცხლის ფიალა-ჯამებს ხმარობდნენ და ახლა ისინი სახელმწიფო მუზეუმში არის დაცულიო. ამ ფიალების წარწერებიდან ირკვევა რომ ისინი კონკრეტულად ლომისისთვის შეუწირავთ, უმეტესად შემწირველნი არაგვის ერისთვნი ყოფილან. ს. მაკალათია ერთ კანდელსაც ასახელებს, რომელიც ლომისისთვის ერეკლე II –ის რძალს ქეთევანს შეუწირავს შვილიერების სათხოვნელად. ვერცხლის თასები ო. სანებლიძის სტატიაშიცაა ნახსენები, გამოქვეყნებულია ფოტოც.
***
“ლომისის საგანძურის მიგნებამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ჩვენს მთაში გარდა სვანეთისა, რომელიც ცნობილია, კიდევ ბევრი არის საყურადღებო ჭედური მისაკვლევი და აღსარიცხი” – წერს ლევან გოთუა. მას შემდეგ 43 წელი გავიდა, ეს სიტყვები კი კვლავ აქტუალურია. მართლაც კიდევ ბევრი რამ არის ჭედური მისაკვლევი და აღსარიცხი, შესანარჩუნებელიც...
ლომისობაზე, ურთულესი გზის მიუხედავად ლომისის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიას უამრავი ადამიანი მოილოცავს. მთელი დღის მანძილზე არ წყდება ხოლმე ხალხის ნაკადი, რომელიც არც მძიმე გზას უშინდება და არც ცუდ ამინდს. მაგრამ, ახლა ვიკითხოთ რა ვიცით ამ საკმაოდ ცნობილი ეკლესიის, მისი განძის შესახებ? მეცნიერულად ის არაა გამოკვლეული. გამოსაკვლევია და ერთიანად აღსარიცხი ლომისის კუთვნილი ჭედური ნივთები, სხვა ნიმუშებთან შესადარებელიც... მოსაძებნიც... შესასწავლია ლომისის შემოგარენიც, სადაც, როგორც ს. მაკალათიას წიგნიდან ვიგებთ მრავალი ჭედური ნივთი ინახებოდა. ახლა სადაა ეს ნიმუშები? ვინ იცის...
Lomisi Treasure
Lower Mleta church of St. Georg has
preserved metal icons and other ecclesiastic objects, which form of the
treasury that used to belong to the church. In 1920s, these objects were seen
in situ by the ethnographer Sergi Makalata, in 1963 - by the writer Levan Gotua
and the expedition (Irakli Zakarashvili, Guram Abramishvili, Otar Saneblidze)
of the Monuments Protection society, publications were also made - an article
by L. Gotua and a brief report of the expedition; however, neither a full
inventory of the objects was published, nor their scholarly study was
undertaken.
At present following objects are kept in
the church: 1. silver ripidion with the images of Cherub and the Evangelists,
most likely of the 16th c., and showing affinity to the 10th-11th cc. similar
ripidia, especially Obuji ripidion. 2. silver processional cross with the
stamped images of St. Georg in horseback, Crucifixion and the Virgin; the
inscription on the back of the cross mentions Nugzar eristavi (as proposed by
the historian Teimuraz Jojua, this seems most likely tp be Nugzar Shaburisdze,
16th c. historical figure and not a famous 17th c. statesman) and a Burduli,
who had comissiond repair of the broken "icon" - a lower layer,
namely , an ornament of far earlier date, presumably even pf the 11th c., is
well discernible on the cross. There are several other objects (3 icons and
cross), on which the same stamp is used for the image of St. Georg; especially
noteworthy is the cross from Bodorna church, which used to be located in Aragvi
gorge and belong to Araggvi eristavs. 3. Second silver processional cross, far
larger, again with the stamped images of St. Georg, the VIrgin, Anastasis (four
"icons" of each), one more image of St. Georg (in this case, piersing
Diocletioan and not a dragon) and two "icons" of the Savior; in the
centre, 19th c. European-type Crucifixion is fixed; as evidenced by the
inscription (according to T. Jojua, it should be ascribed to the 16th c.), the
cross was commissioned by a Vardan Burduli (one more , 15th c. intercession inscription
is also preserved on the cross). 4. Third silver cross, as evidenced by the
inscription, was commissioned by the Burdulis (pries Besarion, deans Shio,
Gamakhare and Nikoloz) and made by the silver-smiths Svimona and Davit in 1814;
on both sides the cross bears stamped Crucifixion - on one side, the one,
similar to the Crucifixion fixed to the second cross and on the other, of
different type; besides, trifoliate ends of the cross arms bear
"icons" of the Evangelists and the Virgin. 5. Chased icon - the Savior
among the Saints, iconography lf which shoul still be studied; however, the
general appearance, especially, an ornamental frame, seems more indicative of
the 18th c. 6. The so called "Lomisi icon" - four-pointed star-like
object with a sphere on the handle, at present covered with varied chased
fragments. IN the first decade of the 20th c. some other objects were also kept
in Lomisi church, which now should be looked for locally or in the museum
depositories.
სურ. 1 |
სურ.2 |
სურ. 3 |
სურ. 4 |
სურ. 5 |
სურ. 6 |
სურ. 7 |
სურ. 8 |
სურ. 9 |
სურ. 10 |
სურ. 11 |
სურ. 12 |
სურ. 13 |
სურ. 14 |
This comment has been removed by the author.
ReplyDelete