თამარ ხოსროშვილი
გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი
ქართველთათვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სიწმინდე წმინდა ნინოს ჯვარი 1802 წლიდან მოყოლებული თბილისის სიონის ტაძარშია დაცული. ჯვარი სპეციალურად მისთვის დამზადებულ ვერცხლის ჭედურ ჩასასვენებელშია მოთავსებული, რომელიც კანკელის გასწვრივ, ტაძრის ჩრდილო-აღმოსავლეთ ბრუჯზე არსებულ ნიშაშია დაბრძანებული (სურ.1).
ჩასასვენებლით მკვლევარები ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში დაინტერესდნენ. მის შესახებ ინფორმაციას გვაწვდიან პლატონ იოსელიანი, ანტონ ნატროშვილი, მოსე ჯანაშვილი, მარკოზ ტყემალაძე. მათი დანატოვარი გარკვეულწილად ზოგადია, თუმცა მრავალი თვალსაზრისით მნიშვნელოვანი და ძვირფასი.
წმიდა ნინოს ჯვრის ჩასასვენებელი მართუკუთხაა, შუაში ჯვრისსახა ჩაღრმავებით. ჩასასვენებლის ზედაპირზე წმიდა ნინოს ცხოვრების ციკლია გამოსახული. სულ ექვსი სცენაა, სამ-სამი ჯვრის ორსავ მხარეს. ისინი ისტორიული თანმიმდევრობით ჩვენგან მარცხნიდან მარჯვნივ, ზემოდან ქვემოთ იკითხება. პირველი წმიდა ნინოსადმი ღმრთისმშობლის გამოცხადებაა (სურ. 2), მის მოპირდაპირე მხარეს, სომხეთში წმიდა ნინოს სასწაულებრივი ხსნა (სურ. 3), შემდგომი სურათი ფარავნის ტბასთან მიძინებული წმიდა ნინოსადმი “ნათლისა კაცის” გამოცხადებას და მისთვის წიგნის გადაცემას მოგვითხრობს, (სურ. 4), მოპირდაპირე სცენა კი, არმაზის დღესაწაულზე წმიდა ნინოს მიერ კერპების დამხობის ამბავს (სურ. 5), ქვედა, მესამე რეგისტრის ორივე გამოსახულება განკურნების ამბებს ეთმობა. პირველში წმიდა ნანა დედოფლის განკურნებაა ასახული (სურ. 6), მეორეში კი, უფლისწული რევისა (სურ. 7). თითოეულ სცენას იმავე ამბის მთხრობელი წარწერები ახლავს თან. დღესდღეობით, ჯვარი ღიაა მნახველისთვის, უწინ კი, ტიპიური სტავროთეკების მსგავსად ჩასასვენებელს თავისი საფარველი ხატი ჰქონია. “ჯვარი ასვენია კუბოში ნინოს ხატთან ერთად” – წერს მ. ჯანაშვილი, ხატის შესახებ ინფორმაციას გვაწვდიან ზემოთ დასახელებული სხვა ავტორებიც. ჯვრის ჩასასვენებელს რომ კარი-ხატი ჰქონია, ამას ეროვნულ არქივში დაცული დ. ერმაკოვის ფოტოც ადასტურებს (სურ. 8). ფოტოზე წმიდა ნინოს ჯვრის ჩასასვენებელი გახსნილი სახითაა წარმოდგენილი, იქვე ფრაგმენტულად მოჩანს მასზე ანჯამებით მიმაგრებული კარი-ხატიც. ვინაიდან ბუდე გახსნილია, ბუნებრივია, ფოტოზე არ ჩანს თუ როგორია თავად ხატი, თუმცა არსებობს ა. ნატროშვილის აღწერილობა, რომელიც წერს რომ ჯვრის ჩასასვენებლის კარებზე მლოცველი წმიდა ნინოა გამოსახული, ხატის მარჯვენა კუთხეში კი, მაცხოვარი, რომელიც მოციქულთასწორს აკურთხებსო. 1946 წელს გამოცემული სიონის ტაძრის მცირედი ცნობარიდან ვიგებთ რომ, 1937 წელს ხატი ჯვრის ბუდისგან განუცალკევებიათ და მისთვის ადგილი კანკელზე მიუჩენიათ. საბედნიეროდ, ამ ხატმა დღევანდელ დღემდე მოაღწია და იგი კვლავაც სიონის ტაძრის კანკელზეა დაბრძანებული (სურ. 9). ეს რომ სწორედ ის კარი-ხატია, რომელიც უწინ წმიდა ნინოს ჯვარს ეფარა, ამას პირველ რიგში მისი ზუსტად ჯვრის ჩასასვენებლის იდენტური ზომა და ფორმა გვიდასტურებს, ამასვე მოწმობს ა. ნატროშვილის აღწერილობაც! არსებობს მისი ერმაკოვისეული ფოტოც (სურ. 10).
ხატი ვერცხლისაა, მასზე წმ. ნინოა გამოსახული მთელი ტანით. ოდნავ მარჯვნივ შებრუნებულს მზერა ხატის ზედა კუთხეში გამოსახული ღრუბლებიდან მზირალი მაცხოვრისკენ აქვს მიპყრობილი. მაცხოვარს მარცხენა ხელით სახარება უჭირავს, მარჯვენათი კი წმინდანს აკურთხებს. წმიდა ნინოს ერთი ხელი ვედრებად აქვს აპყრობილი, მეორეთი კი, ჯვარი უჭირავს. მის თავს ზემოთ ასომთავრული წარწერაა: “დედაÁ ჩვენი ნინო”. ხატისთვის 90-იან წლებში ჭედური ჩარჩო გაუკეთებიათ, რამაც ნაწილობრივ იერი უცვალა ისედაც უკვე ფუნქციაშეცვლილ გამოსახულებას. ხატს ზურგზე წარწერა ჰქონია. დღესდღეობით, ხატის ზურგზე არსებული წარწერების წაკითხვა ხატის კანკელიდან მოხსნის გარეშე შეუძლებელია. საბედნიეროდ ისინი ამოკითხულია და გამოქვეყნებული პ. იოსელიანის და ა. ნატროშვილის მიერ. წარწერა საკმაოდ ვრცელია და ინფორმაციული: “წმიდაო მოციქულო ნინა, მეოხ-გუეყავ ორსავე შინა ცხოვრებასა მეფესა არჩილს, რომელმან შემოგწირე სულისა ჩემისა საოხად და მეფობისა ჩუენისა წარსამართებლად შევამკე ხატი ესე.”
“ძელო ცხოვებისაო, ცხოვებისაგან ნუ ხუებულ-მყოფ, ვითარცა პირუელ მამასა ჩუენსა ადამსა, ყოველ-მცუელ და მფარველ-მეყავ ორსავე ცხოვრებასა; ეგრეთუე თქუენ სიმრავლენო მოწამეთანო, მიოხენით წინაშე ღუთისა მეფეს არჩილს. ქორონიკონს ტნე.” ამრიგად, ზუსტად ვიგებთ საფარველი ხატის შექმნის თარიღს და ქტიტორის ვინაობას, ქტიტორი მეფე არჩილ II-ა, შაჰნავაზის ვაჟი (მეფობდა 1661-1713 წწ-ში), ხატის შექმნის თარიღი კი 1677 წელია!
წარწერა წმიდა ნინოს ჯვრის ჩასასვენებელის ზურგზეცაა ამოტვიფრული, ისიც ქტიტორის ვინაობას გვამცნობს. ამ წარწერის ნახვაც მრავალ სირთულესთან იყო დაკავშირებული, ამიტომ კვლავ ძველ ავტორებს დავესესხე. ა. ნატროშვილი აღნიშნავს რომ წარწერა ბუდის ზურგზე მიმაგრებულ თხელ ვერცხლის ფირფიტაზეაო ამოტვიფრული. სამწუხაროდ, წარწერის დამასრულებელი ნაწილი, სადაც შესაძლოა შესრულების თარიღი ყოფილიყო მითითებული წარხოცილი ყოფილა. აი, რას გვაუწყებს წარწერა: ქ. დედაო ნინა, დედისა ღუთისა ნიჭებულსა ჯუარსა გიმკობ მეფე ვახტანგი, რომლითა განანთელ ქუეყანა ქართველისა, მეცა მეოხ... წინადადება ამ ადგილას წყდება. ირკვევა რომ ჯვრის ჩასასვენებელს და მის საფარველ ხატს ერთი და იგივე დამკვეთი არ ჰყოლია, აქ ქტიტორად მეფე ვახტანგია მოხსენიებული. ვინაიდან წარწერას თარიღი არ ახლავს თან, ჩნდება კითხვა, თუ რომელ ვახტანგზეა საუბარი. პლატონ იოსელიანის აზრით აქ მოხსენიებული ვახტანგი შესაძლოა იყოს ვახტანგ მეორე, დავით მეოთხის შვილი (1289-1292), ან ვახტანგ მესამე, დემეტრე მესამეს შვილი (1301) ან ვახტანგ მეოთხე, ალექსანდრე პირველის შვილი (1442-1445). ამ მოსაზრების მიხედვით გამოდის რომ ჯვრის ბუდე XIII, XIV ან სულ გვიან XV საუკუნეში უნდა შექმნილიყო, არადა ჩასასვენებლის იერი იმთავითვე გამორიცხავს ამ მოსაზრებას. ჯვრის ბუდის ჭედურობა რომ ბევრად უფრო გვიანდელი ნახელავია ამას მასზე გამოსახული მკვეთრად ევროპეიზებული გამოსახულებანი უეჭველად ადასტურებს. თითოეული სიუჟეტი პეიზაჟის ფონზე ვითარდება. მცენარეული მოტივების სიჭარბე –ხვეული ყლორტები, ფოთლები, კოკრები და ყვავილები მაშინვე ბაროკოს სტილის ნიმუშებს გვახსენებს. ევროპული გავლენები კი ჩვენში აქტიურად XVII-XVIII საუკუნეებიდან იკიდებს ფეხს. დროის ამ მონაკვეთთან ორი ვახტანგია დაკავშირებული – ვახტანგ V-ე – შაჰნავაზი (მეფობდა 1658-1675 წწ-ში) და ვახტანგ VI (მეფობდა 1716-1724 წწ.-ში).
ამ ორი ვახტანგის ხსენებისას, ნებაუნებურად ვახტანგ VI-ზე გადადის ყურადღება, რასაც რამდენიმე ობიექტური მიზეზი განაპირობებს. აღსანიშნავია ვახტანგ მეექვსის აქტიური კულტურული მოღვაწეობა, რომელიც მუდამ თან გასდევს მის ასევე ძალზე აქტიურ პოლიტიკურ ქმედებებს – პირველი სტამბის დაარსება, ქართლის ცხოვრების რედაქტირება-შევსება, ქართველ წმინდანთა ცხოვრებების მოძიება-შეგროვება ლიტერატურულ-მთარგმნელობითი მოღვაწეობა და მრავალი სხვა. გამოსახულებათა იერიც ვახტანგ VI-ს პერიოდს უფრო ესადაგება, ვიდრე შაჰნავაზისას. სცენებში ჩართული ჩარდახიანი საწოლები, ნაგებობები წვეტიანი სახურავებით, მოკლე ევროპულ ტუნიკებში გამოწყობილი მწყესები თითქოს პირდაპირ ევროპული გრავიურებიდან გადმოუსვამთ. ასეთი ნიმუშების გამოყენება კი საქართველოშიც და მთელს აღმოსავლეთ საქრისტიანოში აქტიურად XVIII საუკუნის დასაწყისიდან იწყება. წარწერაში მოხსენიებულ ვახტანგ მეფესთან დაკავშირებით კიდევ ერთი გარემოებაც არის გასათვალისწინებელი. ვახტანგ V-ს მუდამ თავისი მეტსახელით მოიხსენიებდნენ, ამიტომ საფიქრებელია რომ საქტიტორო წარწერაშიც იგი მეფე ვახტანგად კი არა, შაჰნავაზად იქნებოდა სახელდებული. თანაც ძნელი წარმოსადგენია სარწმუნოებაშეცვლილ მეფეს წმიდა ნინოს ჯვრისთვის ბუდე გაეკეთებინა. ამგვარად, ესა და ზემოთ დასახელებული რამდენიმე მიზეზი გვაფიქრებინებს რომ წმიდა ნინოს ჯვრის ჩასასვენებელი ვახტანგ მეექვსის დაკვეთით შეუსრულებიათ 1716-1624 წლებში. მაგრამ, აქვე თავს იჩენს ერთი უცნაური გარემოება, თუ ჯვრის ბუდე XVIII საუკუნის პირველ ნახევარს განეკუთვნება, მაშინ გამოდის რომ 1677 წლით დათარიღებული კარი-ხატი რამდენიმე ათეული წლით ადრე შექმნილა ვიდრე ჯვრის ბუდე, რომლის საფარველადაც ის იყო განკუთვნილი. ამ შეუსაბამობას ვფიქრობ ნათელს ჰფენს ხატზე წარწერის ერთი მონაკვეთი, სადაც არჩილ მეფე ხატის შემომწირველადაც არის მოხსენიებული და შემამკობელადაც: “...რომელმან შემოგწირე სულისა ჩემისა საოხად და მეფობისა ჩუენისა წარსამართებლად შევამკე ხატი ესე.” სიტყვა შემკობა, ვფიქრობ, არა ახლის შექმნას, არამედ უკვე ადრე არსებულის გამშვენებას უნდა გულისხმობდეს. სავარაუდოდ არჩილმა უკვე არსებული ჯვრის საფარველი ხატი შემოსა ჭედურობით, რომელიც ასევე უფრო ადრეული წმინდა ნინოს ჯვრის ჩასასვენებლისთვის იყო განკუთვნილი. ამ წარწერის გარეშეც ხომ ცხადია, რომ ისეთი მნიშვნელოვანი სიწმინდე, როგორიც წმიდა ნინოს ჯვარია, რომელიც მეფე არჩილის დროს უკვე არსებობის ცამეტ საუკუნეს ითვლის, არც მანამდე იქნებოდა შეუმკობელი. ეს გარემოება კი წმიდა ნინოს ჯვრის სპეციალურ ბუდეში შენახვის მრავალსაუკუნოვან ტრადიციას წერილობით ადასტურებს. შესაბამისად, სავსებით ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ ჯერ ხატი განახლდა, რამდენიმე წლის შემდგომ კი, ვახტანგის მიერ ძველი ბუდე ჩანაცვლდა ახლით.
ხაზგასმით მინდა აღვნიშნო რომ ეს ყოველივე მხოლოდ წინასწარი მოსაზრებებია და საფუძვლიან კვლევას საჭიროებს. საფუძვლიანი კვლევისთვის კი უპირველესად ჯვრის ბუდისა და მისი საფარველი ხატის დეტალური დათვალიერებაა საჭირო. ამ მხრივ განსაკუთრებულ ინტერესს წმ. ნინოს ხატი წარმოადგენს. საქმე ისაა, რომ ხატს რამდენიმე ადგილას შეკეთების და გადაკერების კვალი ეტყობა. მის ქვედა კუთხეებში კი, სადაც თავად ხატი დაზიანებულია საერთოდაც სხვა პერიოდის და სტილის ორნამენტული არშიაა მიმაგრებული (სურ.11). არშიის ნაწილი ხატის ფირფიტის ქვეშაა მოქცეული, ნაწილი კი ზემოდან ეფარება მას. იქნებ ეს არშია უფრო ადრეული წმიდა ნინოს ჯვრის საფარველი ხატის ნაწილადაც მიგვეჩნია, რომ არა ორნამენტზე გამოსახული ანტიკური პალმეტები. ანტიკური დეკორის ასე ზუსტი გამეორება უფრო XIX საუკუნეს გვაფიქრებინებს. მსგავსი მოტივი სიონის პირი ღმრთისას XIX საუკუნის ჭედური პერანგის მოჩარჩოებაზეც აღმოვაჩინე. იქნებ წმიდა ნინოს დაზიანებულ ხატს XIX საუკუნეში რესტავრაცია გაუკეთდა და ეს ორნამენტიც მაშინ მოარგეს მორღვეული კუთხეების სანაცვლოდ. თუმცა, დაზუსტებით ვერაფერს ვიტყვით, მხოლოდ პირი ღვთისას ორნამენტი ვერ გამოდგება დამათარიღებლად, სხვაგან კი, ასეთ დეკორს ვერსად მივაკვლიე. ამიტომ, ვერც იმას გამოვრიცხავთ, რომ ეს ორნამენტული დეტალი ფიცარზე წმიდა ნინოს ხატზე ადრე არსებულიყო. ისევ და ისევ, ეს ყოველივე მხოლოდ ვარაუდია, უფრო საფუძვლიანი დასკვნების გამოსატანად კი ხატის დეტალური დათვალიერებაა საჭირო. ან იქნებ არჩილისეული ხატის მიღმა საერთოდაც უფრო ადრეული ფენა იმალება? არჩილი ხომ ამბობს, “შევამკე ხატი ესე”-ო. სანახავია წარწერაც, რომლის შესახებაც მხოლოდ მეცხრამეტე საუკუნის ავტორებისგან გვსმენია. სამწუხაროდ, დღესდღეობით ხატის ზურგის ნახვა შეუძლებელია, ჯვრის ბუდის ზურგის დანახვის საშუალებაც არაფრით მომეცა! ამიტომ ამ ნიმუშის ძირეული შესწავლა ეკლესიის მესვეურთა ჩართულობის და თანადგომის გარეშე ვერაფრით მოხერხდება. ვიმედოვნებ, ეს ზოგადი მიმოხილვა იქნება დასაბამი იმ ქართული ჭედური ხელოვნების ნიმუშის შესწავლისა რომელშიც საქართველოს ეკლესიის ერთ-ერთი უდიდესი სიწმინდეა დავანებული და რომელიც ორი ქართველი მეფის მიერ წმიდა ნინოს ჯვრისადმი გაწეულ ღვაწლს გვამცნობს.
და ბოლოს, ყურადრება წმიდა ნინოს ჯვრის ბუდის ახლანდელ მდგომარეობაზე მინდა გავამახვილო. უწინ, როცა ჯვარს თავისი საფარველი ხატი ჰქონდა, მხოლოდ სპეციალურ დღეებში იქნებოდა შესაძლებელი მისი ნახვა. დღეს ჯვარი ღიაა მნახველისთვის, თუმცა, ჯვრის სრულყოფილად აღქმას მის წინ აღმართული ლითონის ტლანქი ცხაური უშლის ხელს. იგი ციხის ზღუდესავითაა აღმართულა ჯვარსა და მნახველს შორის და სრულიად კლავს იმ შთაბეჭდილებას, რომელითაც მასთან მიახლებული მლოცველი თუ უბრალო მნახველი უნდა დაიმუხტოს. ვფიქრობ გასააზრებელია, მოსაფიქრებელი და შესაცვლელი ის გარემო, რომელშიც ესოდენ დიდი მნიშვნელობის საგანძურია დაცული.
ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ორი ერთმანეთისთვის შექმნილი, ოდესღაც ერთმანეთის კუთვნილი ნივთი კვლავ ერთმანეთს უნდა დაუბრუნდეს, მით უფრო, თუ მათ ერთად ყოფნას ფუნქციური დატვირთვა აქვს. ვფიქრობ ამასვე მოითხოვს ისტორიული სამართლიანობაც! თუმცა, ღირს კი, დიდი ხნის წინ ფუნქციაშეცვლილი ხატის კვლავ ძველ ადგილზე დაბრუნება და ჯვრის დამალვა? ეს საკითხიც საფუძვლიან გააზრებას ითხოვს. ერთი კია, ხშირად წარმოვიდგენ ხოლმე ძველ დროს, როცა წმიდა ნინოს ხატთან მისული მლოცველი ხატთან ლოცულობდა, მის მიღმა კი წმიდა ნინოს სასწაულმოქმედი ჯვარი ეგულებოდა და იმ საზეიმო დღეს ელოდა როცა მას გაღებულს ნახავდა და მიაგებდა პატივს.
სურ. 1 |
![]() |
სურ. 2 |
![]() |
სურ. 3 |
![]() |
სურ. 4 |
![]() |
სურ. 5 |
![]() |
სურ. 6 |
![]() |
სურ. 7 |
![]() |
სურ. 8 |
![]() |
სურ. 9 |
![]() |
სურ. 10 |
![]() |
სურ. 11 |
Comments
Post a Comment