თბილისის ლურჯი მონასტერი



თითოეულ ქრისტიანულ ტაძარს თავისი საკუთარი, განსაკუთრებული ისტორია აქვს. ტაძრის ისტორია კი ქვეყნის ისტორიაცაა, ამიტომ ყოველი ეკლესია საკუთარი ამბით თავადაა ისტორიის მთხრობელი.
თავისი განსაკუთრებული ისტორია აქვს თბილისის ლურჯ მონასტერსაც. [ილ.1] XII საუკუნეში აგებული ის მრავალგზის დაზიანებულა, რუსეთის იმპერიის მმართველობის ხანაში ტყვიაწამლის საწყობად უქცევიათ, ცოტა ხანში აქ წირვა-ლოცვა კვლავ აღადგინეს, ქვეყნის გასაბჭოების შემდგომ კი ეკლესია ჯერ სამხერხაოდ, შემდეგ კი სამედიცინო ისტორიის მუზეუმად აქციეს. სამხერხაოს კვალი ახლაც ატყვია ამ ტაძრის კედლებს! 
პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში არსებულ ეკლესიათა ბედი (ადამიანებისაც!) თავისი ტრაგიზმითა და აბსურდულობით ალბათ განსაკუთრებულია, დანგრეული ტაძრები, უკეთეს შემთხვევაში სხვადასხვა ფუნქციის ნაგებობად გადაქცეული, დაკარგული და განადგურებული საეკლესიო ნივთები და სიწმინდეები, შეწყვეტილი წირვა-ლოცვა... ეს არის იმდროინდელი რეალობა. 
არადა, ქრისტიანული ტაძარი უბრალო არქიტექტურული ნაგებობა როდია, ის ცოცხალია! ტაძარში მისულ მორწმუნე ადამიანთა კრებული და მათ მიერ აღვლენილი წირვა-ლოცვა ანიჭებს სიცოცხლეს ეკლესიას, თავად ეს კრებულიც ხომ ეკლესიად იწოდება. ამ სიცოცხლეში კი უმნიშვნელოვანესი როლი აქვს ქრისტიანულ ხელოვნებას,  რომლის გარეშეც ეკლესიის ცხოვრება სულყოფილი ვერ იქნებოდა.
საბჭოთა პერიოდში, შეწყდა საეკლესიო აღმშენებლობა, მხატვრობა, მქანდაკებლობა, ჭედვა, ქარგვა და ყოველივემ სამოცდაათი წლით მიიძინა. 
და აი, ოთხმოცდაათიან წლებში, ტოტალიტარული რეჟიმის გაუქმების შემდგომ, ეკლესიებში განახლდა მსახურება, ტაძრები  ფუნქციურად მათ ბუნებრივ, პირვანდელ მდგომარეობას დაუბრუნდნენ, მაგრამ სიწმინდეები, ჯვარ-ხატები, სხვადასხვა ლიტურგიკული დანიშნულების ნივთები ეკლესიათა კუთვნილებას აღარ წარმოადგენდა. მრავალი რამ იმ რთულ წლებში (და უფრო ადრეც!) უგზოუკვლოდ გაუჩინარდა, დანარჩენებმა კი, რაც ქართველ მოღვაწეთა დიდი ძალისხმევის შედეგად გადარჩა მუზეუმებში დაიდო ბინა. ყველაფერი ფაქტობრივად ყამირიდან იყო დასაწყები.
განახლდა წირვა-ლოცვა ლურჯ მონასტერშიც! და აი, მას შემდეგ უკვე ოცი წელიც მიილია, წლები რომელთაც უკვე  საქართველოს უახლესი ისტორიის ფურცლებზე დაიდეს ბინა.
 დღეს, საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში თანამედროვე ქრისტიანული ხელოვნებით დაინტერესებულ ადამიანს უახლესი საეკლესიო ხელოვნების თავისებური და საკმაოდ მრავალფეროვანი “ექსპოზიცია” გადაეშლება თვალწინ. [ილ.2] მხოლოდ ეკლესიაში შესული თუ იგრძნობთ სრული ძალით თანამედროვე საეკლესიო ხელოვნების მაჯისცემას. 
ლურჯ მონასტერში თითქმის ყველაფერი ახალია – მოხატული კანკელი, ხატები, ტრაპეზი, ბარძიმ-ფეშხუმი, დაფარნები, გარდამოხსნა, სახარება, ჯვრები. . . ფრესკული მხატვრობა ხომ საერთოდაც ახლა იქმნება, ჩვენს თვალწინ. [ილ.3]
შესვლისთანავე თვალშისაცემია მოხატულობის მკვეთრად აქცენტირებული ეროვნული თემატიკა, ქართველთა განმანათლებლების წმ. ანდრია პირველწოდებულისა და წმ.ნინოს ცხოვრებათა ვრცელი ციკლით. [ილ.4] ეროვნული თემატიკითაა გაჯერებული კანკელის მოხატულობაც, მის ერთ მხარეს ლაზარეს აღდგინების სცენაა, რომელიც იოანე ზოსიმეს ტექსტის “ქებაი და დიდებაის” მიხედვით საქართველოს ეკლესიის განსაკუთრებული როლის შესახებ გვაუწყებს. [ილ.5] მაგრამ ეს ერთგვარი სიახლე, რაც დღევანდელ ქართულ საეკლესიო მოხატულობათა სავიზიტო ბარათად შეიძლება მივიჩნიოთ, ადრეულ, სხვადასვა ეპოქისა და ქვეყნის გამოსახულებათაგან ნასესხები ფორმებით არის გადმოტანილი კედლებზე. უმრავლესი დეტალი ამ მოხატულობაში რაიმე კონკრეტული გამოსახულების კარნახითაა შექმნილი.
საკურთხევლის აფსიდის შუბლზე გამოსახული “იესეს ძირი” ანჩისხატის საკურთხევლის აფსიდის შუბლის გამოსახულებას იმეორებს. [ილ.6] კამარაზე ძველი დღეთა უბისის “ძველი დღეთა”-ს მგვანია. გუმბათის ჯვარი ტიმოთესუბნის ჯვარს, [ილ.7] მისი მტვირთველი ანგელოზები კი იშხნის ანგელოზებს გვაგონებს. ანჩისხატი, უბისი, ტიმოთესუბანი, ყინცვისი, ეს მხოლოდ მოკლე ჩამონათვალია, კმარა მეტი დაკვირვება, გამოკვლევა და ადრეულ მისაბაძ ნიმუშთა ჩამონათვალი საგრძნობლად გაიზრდება. უამრავი დეტალი გამოჩნდება ისეთი რომელიც თქვენთვის კარგად ნაცნობ და საყვარელ გამოსახულებებს მოგაგონებთ, ზოგჯერ კი საკმაო ძალისხმევაც დაგჭირდებათ, რომ გაიხსენოთ, თუ სად გინახავთ ამ გამოსახულებაში გამოყენებული ესა თუ ის ფორმა. ლურჯ მონასტერში არა მხოლოდ ადრეულ, არამედ თანამედროვე ნიმუშების გამეორების პრეცედენტიც გაჩნდა, ამის დასტურია გუმბათის მხტვრობა, რომლის პროგრამაცა და რიგი დეტალებიც სულ რამდენიმე წლის წინ მოხატული ვაკის სამების გუმბათის იდენტურია. . . [ილ. 8]
ლურჯ მონასტერში, ცენტრალურ ანალოგიაზე წმ. ანდრია პირველწოდებულის ხატია დაბრძანებული. ხატი 90-იან წლებშია შესრულებული, ამაზე მისი იერიც მიგვანიშნებს - ნაივური, დასახვეწი... [ილ.9] ალბათ ეს იყო ახლადნაკურთხი ეკლესიის ერთ-ერთი პირველი ხატიც. უკვე ოცი წელი მიილია. ამ დროის მანძილზე საეკლესიო ხელოვნების ნიმუშებმა საგრძნობლად იცვალეს ფერი, ამაზე ლურჯი მონასტრის კედლებზე განლაგებული ათეულობით ხატიც მეტყველებს. მათ შორისაა წმ. ანდრია პირველწოდებულის სხვა, უფრო მოგვიანებით შესრულებულ ხატიც – გაცილებით დახვეწილი ოსტატობით შესრულებული, რაც აშკარად ამ წლების მანძილზე საგრძნობ ტექნიკურ წინსვლაზე მიგვანიშნებს. მაგრამ ამ მაღალი საშემსრულებლო დონის მიღმა კვლავ ადრეულ გამოსახულებათაგან ნასესხებ ფორმისეულ დეტალებს ამოიცნობთ, წმინდანის სახეზე პალეოლოგოსთათვის დამახასიათებელი ორნამენტული ამონათებებია გამოყენებული. [ილ.10]
ლურჯ მონასტერში არსებულ გამოსახულებათა უმრავლესობა სხვადასხვა პერიოდისა და სტილის ადრეულ ნიმუშთა მიხედვითაა დახატული. მაცხოვრის ხატი თითქმის ზუსტადაა კოპირებული ამ XIV ს-ის თესალონიკური ხატიდან, [ილ.11] ქართველ მოწამეთა წმ. დავით და კონსტანტინეს ხატი საბინინისეული XIX ს-ის წიგნის მხატვრობიდანაა გადმოხატული, წმ. მეფე დავით აღმაშენებელი გელათის ფრესკის მსგავსია, კანკელის ხატები კი სვანური ხატების მიბაძვითაა დახატული. 
ამ საერთო განწყობაში სამი მეცხრამეტე საუკუნის ხატია ჩართული – [ილ.12] მაცხოვრისა, ღვთისმშობლისა და წმ. სერაფიმ საროველისა. პირველი ორი ეკლესიაში, ანალოგიებზეა დაბრძანებული. ამ პერიოდის ნიმუშებს უცნაური ხვედრი ერგოთ. დღეს ეს ხატებები მრავალთა მიერ არაკანონიკურად მიიჩნევა. [ილ. 13] მართლაც რომ საფრთხედ ექცა იმდროინდელ საეკლესიო ხელოვნებას ევროპიდან მძაფრად შემოჭრილი გავლენები, მართლაც რომ მრავალი რამ არის დასაფიქრებელი და საკამათო ამ პერიოდის გამოსახულებებში, მაგრამ არის კი სწორი ისინი ასე ცალსახად უარვყოთ და არაკანონიკურად გამოვაცხადოთ? ყველაფერი ახალი კი, რაც შუასაუკუნეების გამოსახულებათა მიხედვით შეიქმნა კანონიკურად სახელვდოთ? ამ ოცი წლის მანძილზე  მრავალი ასეთი ნიმუში განადგურდა, ზოგიერთს სადმე მიმალულ ადგილას აქვს ადგილი მიჩნენილი, მუზეუმებიც ნაკლებად ზრუნავენ მათზე. მაგრამ არის ტაძრები, სადაც მათი წინამძღვარნი სხვაგვარად ფიქრობენ და ამ ხატებისთვისაც გამონახეს საპატიო ადგილი. ერთ-ერთი ასეთი ეკლესიაა ლურჯი მონასტერი!
ამ მჯელობიდან გამომდინარე ჩნდება კითხვა, რა კრიტერიუმით ვაფასებთ ამა თუ იმ ქრისტიანულ გამოსახულებას, რა კრიტერიუმებით ვაცხადებთ მას კანონიკურად ან არაკანონიკურად? ან საერთოდ არსებობს კი დღეს ამ სფეროში რაიმე შეფასების კრიტერიუმი? თუ გამოსახულებას კრიტერიუმად რაიმე კლასიკურ ნიმუშთან მსგავსების აუცილებლობას წავუყენებთ, მაშინ ეჭვსგარეშეა, მხოლოდ ადრეულ ფორმებს მინბაძი გამოსახულებები გამოცხადდება ჭეშმარიტ ფორმად. მაგრამ რაიმეს მიბაძვა რომ ისტორიის ნებისმიერ მონაკვეთში ფორმალიზმად იწოდებოდა? იქნებ ოსტატური შესრულებაა დღეს უმთავრესი კრიტერიუმი? მაგრამ მხოლოდ დაოსტატებული ადამიანი არის კი შემოქმედი? შემოქმედებაში ხომ ყოველთვის ახლის დაბადება იგულისხმება! 
სწორედ ასე დაიბადა ლურჯი მონასტრის ტრაპეზი! [ილ. 14] - განუმეორებელი და ერთადერთი, არა უზადო ტექნიკის ან რაიმე უნიკალური მხატვრული ხერხების გამო (თუმცა ის ტექნიკურადაც საკმაოდ დახვეწილია), არც თვითმიზნური  ნოვატორული შინაარსი ან ფორმათმაძიებლობა გამოარჩევს მას დანარჩენი ნიმუშებისგან. პირიქით, ამ ტრაპეზის იერსახე უთუოდ ენათესავება ადრეულ ნიმუშებს, კიდევაც ჰგავს მათ, მაგრამ არა სხვადასხვა ფორმისეული დეტალით, არამედ დამოკიდებულებით, განწყობით. იმ იერით, რომელშიც ერთმანეთის გვერდიგვიერდ თანაარსებობს ზოგადქრისტიანული ნიშნები და ინდივიდუალურობა, სადაც თითოეული ფორმა თუ დეტალი შინაარსსაა მორგებული და არა დღეს დაწესებულ რაიმე “კანონსა” თუ “წესს”. ქრისტიანული ხელოვნება ხომ ფორმაში გამოთქმული ღვთის სიტყვაა, წმინდა წერილის შინაარსია. ის ყოველ ეპოქაში სხვადასხვანაირად, თანამედროვეთათვის გასაგებ ენაზე ამბობდა მარადიულ სათქმელს, ესაა მისი მთავარი დანიშნულება! 
იმის გამო რომ ტრაპეზზე გამოსახული  ქერუბიმები, სამოთხის ხეები, მდინარეები, ყურძნის მტევნები რაიმე ადრეული ნიმუშიდან არ იყო გადმოღებული, ამ ნამუშევარმა მრავალთა კრიტიკა დაიმსახურა. ეს ხატებანი მართლაც სრულიად განსხვავებულად და ახლებურად არის მორგებული უკვე მრავალგზის გამოთქმულ მარადიულ შინაარსს, თან ძალზე ზუსტად, მკაფიოდ და გააზრებულად. [ილ. 15]
ტრაპეზი ხომ ეკლესიის ერთერთი უმინშვნელოვანესი სიწმინდეა. აქ საიდუმლო მსხვერპლშეწირვა აღესრულება. ამ შემთხვევაში ტრაპეზზე ქერუბიმთა გამოსახვით მოქანდაკის ძირითადი იდეა ასე გამოიკვეთა: “ტრაპეზი, როგორც საყდარი, სადაც ქერუბიმთა ზედა მარადის განისვენებს მაცხოვარი, რომელსაც დაუღალავად ადიდებენ ანგელოზნი.” [ილ. 16]
თითოეული რამ ლურჯი მონასტრის ინტერიერში თანამედროვე საეკლესიო ხელოვნებაში მიმდინარე ტენდენციებს და იმავდროულად უახლეს ისტორიას ასახავს. ყოველი ეკლესია ხომ საკუთარი ამბით თავადაა ისტორიის მთხრობელი.





     





Comments