”სობორო”

ავტორი: თამარ ხოსროშვილი
2006 წელი
დაიბეჭდა გაზეთ "საპატრიარქოს უწყებანში"

საუკუნის წინ, თბილისის პარლამენტის შენობის ადგილას, მაშინდელ გუნიბის მოედანზე ეკლესია იდგა, რომელსაც ქართველები “სობოროს” ტაძარს ეძახდნენ. ტაძარი 1930 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ დაანგრია. გადარჩა მხოლოდ ეკლესიის უკან, ათარბეგოვის ქუჩისა და ეკლესიის ტერიტორიის გამიჯვნისთვის მოწყობილ კედელში განთავსებული სამი სენაკი. მოგვიანებით, ეს ნაშთი მთავრობის სასახლის შემადგენლობაში მოექცა.

ეკლესია XIX საუკუნის ბოლოს აიგო. მისი აშენების აზრი კავკასიის მთიანეთის საბოლოოდ დამორჩილებასთან დაკავშირებით ჩაისახა. ის უნდა აღმართულიყო, როგორც რუსეთის არმიის გამარჯვებათა და მეფის რუსეთის მიერ კავკასიის დაპყრობის ძეგლი. ტაძრის ასაშენებლად 1865 წლის 4 სექტემბერს მიღებულ იქნა “უზენაესი” ნებართვა. პროექტის შესადგენად კონკურსი გამოცხადდა. პირველი პრემია ვ. შრეტერისა და ჰ. ჰუნის პროექტს მიენიჭა, მეორე კი, პროფ. გრიმისა და გედიკეს პროექტს. ტაძარი ამ უკანასკნელის მიხედვით განხორციელდა, რადგან ის ნაკლებ ხარჯს მოითხოვდა. ბევრს გული დაწყდა, რატომ კონკურსში გამარჯვებული პროექტით არ აშენებენ ტაძარსო. პირველ პროექტში ეკლესიას ცხრა გუმბათი ჰქონდა, მეორეში ხუთი. აღმშენებლებს არგუმენტად სწორედ ცხრა გუმბათი მოყავდათ, რომელიც მათი აზრით არატრადიციული იყო. არადა, ქართული ეკლესიებისთვის ხუთი გუმბათიც უცხოა. სინამდვილეში ამ ორ პროექტს შორის არსებითი განსხვავება არ იყო, პირიქით, ისინი ძალიან ჰგავდა ერთმანეთს, განსაკუთრებით ქართული ტრადიციების იგნორირებით. არადა გრიმი თურმე კარგად იცნობდა ქართულ არქიტექტურას, მაგრამ ცხადია იმ ტაძრისთვის რომელიც მეფის იმპერიალიზმის ძეგლად უნდა ქცეულიყო, ვერ გამოიყენებდა ქართული ეროვნული ხუროთმოძღვრების მოტივებს. პირიქით, მისი ნაწარმოები თითქოს სიმბოლურად აგვირგვინებდა ყოველსავე ეროვნულის დათრგუნვას ხელოვნების დარგშიც.

 ტაძრის საძირკველი 1871 წლის 16 აპრილს აკურთხეს. იმდროინდელი გაზეთი “კავკაზი”დაწვრილებით მოგვითხრობს ამის შესახებ. ცერემონიას იმპერატორი ალექსანდრეც ესწრებოდა. მოწვეული იყვნენ სამხედრო და სამოქალაქო მაღალჩინოსნები. დიდძალ ხალხს მოეყარა თავი. ტაძრის საძირკველი დროშებით, ყვავილებითა და საომარი აღჭურვილობით იყო მორთული. დროშების ქვეშ ფილები ეწყო, რომლებზეც კავკასიის დაპყრობის მონაწილე მთავარსარდლების სახელები იყო ამოტვიფრული, ზოგ ფილაზე კი, ბრძოლების ამსახველი ეპიზოდები. საძირკვლის გარშემო ჯარი იდგა, მის შუაგულში, კარავი იყო გაშლილი, სადაც ექზარქოსმა ევსებიმ ღვთისმსახურება აღასრულა. მან სამი ხის ჯვარი აკურთხა, რომლებიც მათთვის განკუთვნილ კვარლცხბეკებზე აღმართეს. შუა ჯვრის პირდაპირ, ჩაღრმავებულ, თლილ ქვაში ეგზარქოსმა იმ წელს გამოშვებული ყველანაირი ოქროს და ვერცხლის მონეტა ჩააწყო. აქვე, ჩეჩნეთის და დაღესტნის დაპყრობის აღსანიშნავად ჩამოსხმული მედალიონებიც მოათავსეს. ქვას ზემოდან დაფა დაადეს წარწერით, რომელიც ასე მთავრდება: ”...заложен трехпрестолний православний храм Кавказской армии в памят покорении Кавказа” მას შემდეგ რაც იმპერატორმა საძირკველზე პირველი ქვა დადო, აღლუმი გაიმართა. ცერემონიის დამთავრების შემდეგ ხალხს ჯვრებზე მთხვევის და სანთლების დანთების საშუალება მიეცა.

მშენებლობა ოცდაექვსი წელი გრძელდებოდა და 1897 წელს დასრულდა. ეკლესია ორსართულიანი იყო. ქვედა სართული წმ. ნიკოლოზის სახელზე აკურთხეს, ზედა, სამად გაყოფილი მთავარი სივრცე კი_ ალექსანდრე ნეველის, მიქაელ მთავარანგელოზის და წმ. გიორგის სახელზე. თუმცა ის ზოგადად, ალექსანდრე ნეველის სახელობისად იწოდებოდა. ეს იყო დაახლოებით 38 მეტრის სიმაღლის ჯვარგუმბათოვანი ტაძარი, მუქი და ღია ქვების მონაცვლეობით ნაგები. მისი ცენტრალური გუმბათი ოთხ ბურჯს ეყრდნობოდა. ნაგებობის ფორმები და დეტალები მშრალი და მონოტონური იყო. მთლიანობაში ეს არქიტექტურა საკმაოდ ტლანქი და ეკლექტური გამოვიდა. შიგნიდან ტაძარი რამდენიმე, იმ დროისთვის ცნობილ მხატვარს მოუხატავს. საკურთხევლის აფსიდში აღსაყდრებული ქრისტე იყო გამოსახული. ტაძრის გარშემო ექვსად შეკრული საომარი აღჭურვილობა ეწყო, რომელიც ბრძოლის დროს, მოწინააღმდეგეებისთვის წართმეული იარაღისგან შედგებოდა. ეკლესიის წინ, ეზოში სამხედრო სასაფლაო იყო მოწყობილი. 1921 წელს აქვე დაასაფლავეს, ტაბახმელასა და შულავერში, ბოლშევიკების XI არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში გარდაცვლილი იუნკერები. ეს საფლავები ეკლესიასთან ერთად განადგურდა. იმის წარმოდგენაც ძნელია, რომ დაახლოებით საუკუნის წინ, საქართველოს დედაქალაქის შუაგულში იდგა მისი დაპყრობის აღსანიშნავად აგებული ტაძარი. ცხადია იმდროინდელი ქართველობა ვერ შეიყვარებდა ამ ეკლესიას ისეთი ძალით.

 სულ ახლახანს, დანგრევას გადარჩენილი სენაკები აღადგინეს და 2007 წლის დეკემბერში აკურთხეს. ეს ტაძარი, თავისი არსითა და გარეგნობით სრულიად უცხო იყო თბილისისთვის, მაგრამ ის იყო ეკლესია_სახლი ღვთისა. ფსალმუნში კი წერია “სახლსა შენსა შვენის სიწმიდე, უფალო, სიგრძესა დღეთასა”(ფს. 126,1).


Comments

  1. ძალიან კარგი სტატია, წარმატებები!

    ReplyDelete

Post a Comment