© თამარ ხოსროშვილი
ყოფითი ჟანრი ვიზუალურ ხელოვნებაში
ხელოვნების ერთ-ერთი ჟანრია ყოფითი ჟანრი, რომელსაც სხვაგვარად ჟანრულ მხატვრობასაც უწოდებენ. ეს ჟანრიც ნიდერლანდური ტრადიციის გაგრძელებაა და მეჩვიდმეტე საუკუნეში ჩნდება.
ყოველდღიური
ცხოვრების სცენები ძველი დროის მხატვრობაშიც მრავლად გვხვდება. მაგ., ეგვიპტურ
სამარხებში ხშირად ნახავთ ადამიანებ ლხინის თუ შრომის დროს. ყოველდღიური სცენებია
გამოსახული პომპეის ვილების კედლებზე თუ ეტრუსკულ სამარხებში. ყოველდღიურ ამბებს
შუა საუკუნეებბის ხელნაწერებშიც კი შეხვდებით გლეხთა ყოველდღიური შრომის სცენებს,
თუმცა ასეთ გამოსახულებებს უბრალოდ ყოფით სცენებს უწოდებენ, ჟანრად კი, ის
მეჩვიდმეტე საუკუნეში, სწორედ ნიდერლანდებში ჩამოყალიბდა.
ეგვიპტური კედლის მხატვრობა
მხატვარი მუშაობის ჟამს, სურგეონის სახლის ფრესკა, პომპეი, I საუკუნე
ლხინის სცენა (დეტალი), ტრიკლინიუმის განსასვენებელი, ეტრუსკული სამარხი, ჩვ.წ-აღ-მდე 470 წელი.
ჟანრული ნახატები ძირითადად კონკრეტული ადამიანებისთვის
იქმნებოდა და ასახავდა იმდროინდელი ცხოვრების ყოველდღურ ამბებს. ეს როგორც ჩანს გამოიწვია
საშუალო ფენის გამდიდრებამ, რამაც მათ ნამუშევრის შეკვეთის საშუალება მისცა. ჩვეულებრივი ადამინისთვისაც ხელმისაწვდომი
გახდა ხელოვნების ნიმუში, რომელზეც მისთვის
ნაცნობი გარემო და ამბები იქნებოდა ასახული და თანაც ეს გამოსახულება მის საკუთრებაში
იქნებოდა, მის სახლში ეკიდებოდა. თუცა ხშირად ეს ყოველდღურობა სიმბოლური მნიშვნელობებითაც
იყო გაჯერებული, რომელნიც ზოგიერთ შემთხვევაში ახლა ბუნდოვანია ჩვენთვის. მოწესრიგებული
სუფთა სახლი შესაძლოა, დიასახლისისა და ოჯახის დედის სათნოებასა და კეთილგონიერებას
ნიშნავდა, დაულაგებელი კი _ სიზარმაცესა და უქმად ყოფნის ცოდვას. ქალების გამოსახულებანი,
რომლებიც სარკის წინ იკაზმებიან, მათ მედიდურობასა და პატივმოყვარეობაზე მეტყველებდა,
სმისა და ქეიფის სცენა კი _ აღვირახსნილობასა და ავხორცობაზე.
ჰოლანდიელი მხატვრის, ნიკოლას მასის სურათი „მემაქმანე“
ყოფით ჟანრს განეკუთვნება. სურათზე ოთახში, ფანჯარასთან მჯდომი ახალგაზრდა ქალი და
ბავშვია გამოსახული. ქალი ღია ფანჯარასთან ზის, და იქიდან შემომავალ შუქზე მაქმანებს
ქსოვს, მის გვერდით კი, საბავშვო მაღალ, ხის
სკამზე ბავშვი ზის. ბავშვის მზერა პირდაპირ ჩვენსკენაა მომართული, თუმცა ეს
პორტრეტი არაა. სურათზე, ერთი ჩვეულებრივი,
ყველასთვის ნაცნობი მომენტია ასახული ყოველდღიური
ცხოვრებიდან - ბავშვი დედასთან ან ძიძასთან ერთად. ქალი თავის საქმეზეა კონცენტრირებული,
ამასობაში კი, ბავშვს თავისი ჯამი და სხვა ნივთები ძირს ჩამოუყრია, რაც ამძაფრებს ყოფითობის
და ყოველდღიურობის განცდას სურათში. თუმცა,
ეს მთლად ჩვულებრივი ყოველდღიურობა მაინც არაა, ის ოდნავ იდეალიზებულია და სიმბოლოებით
დატვირთულიც, რასაც რამდენიმე ნიუანსი გვიჩვენებს. მაგიდის წითელი გადასაფარებლის, ყრმის წითელი თავსაბურავის და ქალის წითელი ჩასაცმელის
ურთიერთმიმართება სულაც არ არის შემთხვევითი ყოველდღიურობის ნაწილი და სრულიად დაგეგმილი
და გააზრებული მხატვრული გადაწყვეტაა. ყურადღებას იქცევს კიდევ ერთი რამ, ბავშვი ყრმა
იესოსავით ზის სკამში და მზერა ჩვენსკენ მოუპყრია.
ნიკოლას
მასი „მემაქმანე“
ჟანრული სცენების ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი მხატვარი
ხირარდ ტერ ბორხი იყო (1617-1681). დაახლოებით 1658 წელს შესრულებულ სურათზე, რომელიც
საქმროს ვიზიტის სახელითაა ცნობილი, მდიდრულ ოთახში, კარგად ჩაცმული მამაკაცი თეთრი
ატლასის ქვედატანით შემოსილ, ელეგანტურ ქალს გრაციოზულად უკრავს თავს. იქვე, მაგიდასთან
ჩამომჯდარი ქალი ბარბითზე უკრავს, ოთახის სიღრმეში, ბუხრის წინ მდგომი მამაკაცი კი
სტუმარს აკვირდება. სურათზე, როგორც ჩანს, წამატებული ახალგაზრდა მამაკაცის მისივე
სოციალური ფენის ქალბატონთან სტუმრობის და მასთან არშიყობის სცენაა წარმოდგენილი. სპანიელი
და მუსიკოსი ქალი სრულიად ბუნებრივად ეწერებიან ამ ჟანრულ სცენაში, მაგრამ ჩვენთვის
ცნობილია, რომ ძაღლი ერთგულების ნიშანია, ხოლო საკრავის აწყობილი სიმები სულთა ჰარმონიის
და, შესაბამისად, სასიყვარულო ურთიერთობების სიმბოლოდ განიხილება. მეორე მხრივ, დაკვრა
შეიძლება
შეხებით გამოწვეულ სასიამოვნო შეგრძნებასთანაც ასოცირდებოდეს.
ტერ ბორხი დახვეწილი ოსტატობით გადმოსცემს ძვირფას სამოსს _ მაქმანების, ხავერდის,
განსაკუთრებით, ატლასის ფაქტურას და ამით, აქ წარმოდგენილი ადამიანების კეთილდღეობას
უსვამს ხაზს. დიდაქტიკური მოტივი (თუკი ასეთი რამ საერთოდ იგულისხმა მხატვრმა ამ ნამუშევარში)
სურათზე ძალზე ფრთხილად და თითქმის შეუმჩნევლად ჟღერს.
ხირარდ ტერ ბორხი
“საქმროს ვიზიტი“
მხატვარი იოჰანეს ვერმეერი უმეტესად ყოფითი ჟანრის ნახატებს ქმნიდა, თუმცა როგორც ბოლო
დროის კვლევებმა აჩვენა, მისი ნახატები უფრო ალეგორიული ხასიათისაა, ვიდრე ჟანრული.
სურათზე ქალი
სასწორით იდეალური წონასწორობა კომპოზიციის
მონუმენტურ ხასიათს განსაზღვრავს და ღვთაებრივი სიმშვიდის განწყობილებას ქმნის. ქალს
მარჯვენა ხელში სასწორი უჭირავს, ჩაფიქრებული დაჰყურებს მას, თითქოს წონასწორობის არსში
ჩაწვდომას ცდილობს. ამით იგი ჩვენს ყურადღებას მოქმედებისკენ – აწონვის პროცესისკენ,
როგორც რაღაც ძალზე მნიშვნელოვანისაკენ მიმართავს. მისი ხელი და სასწორი ზუსტად კომპოზიციის
ცენტრშია გამოსახული, ქალის უკან კი, კედელზე კიდია სურათი; მასზე განკითხვის დღის
სცენაა წარმოდგენილი, რომლის ზედა ნაწილში, ზუსტად ქალი თავს ზემოთ, ოქროსფერი ნათებით
მოცულ ქრისტეს, როგორც მეორედ მოსვლის ჟამის მსაჯულის, ფიგურას ვხედავთ. ამგვარი შეპირისპირება
ვერმეერის ჟანრულ სცენას მარადიული სამსჯა ვროს მეტაფორად აქცევს და ადამიანებს რწმენისა
და სიფხიზლისაკენ მოუწოდებს. ეს ყოველივე შესაძლოა, მხატვრის პირად დამოკიდებულებასაც
ასახავდეს, რომელსაც, როგორც კათოლიკეს, პროტესტანტულ ქვეყანაში უწევდა ცხოვრება. ქალის
წინ, რომელიც მშვიდად ჭვრეტს სასწორს, მაგიდაზე დალაგებულ ოქროსა და მარგალიტის ნივთებზე
ფანჯრიდან შემოსული შუქი ციმციმებს; ეს ერთგვარად ვანიტასზე (ვანიტას) – ამქვეყნიური
ცხოვრების წარმავალობაზე _ მიანიშნებს, რასაც მხატვარმა მატერიალური ნივთების ეფემერული,
მოუხელთებელი ხასიათით გაუსვა ხაზი.
იოჰანეს ვერმეერი „ქალი სასწორით“
ყოფითი ჟანრი შემდეგ საუკუნეებშიც აქტუალურია, ამ ჟანრის
ნახატები იქმნება დღესაც. შემდგომი პერიოდის
ჟანრულ ნახატებში ხან მხოლოდ ყოფითი სცენაა ნაჩვენები, თუმცა ზოგჯერ, ჟანრული ნახატები
კვლავაც ალეგორიულ-სიმბოლურია.
ანტუან ვატტო, სიყვარულის
დღესასწაული, 1718-1719
ჯონ ლუის კრიმელი,
სოფლის ქორწილი, 1820
ოგუსტ რენუარი, სადილი
გემზე, 1880-1881
ვინსენტ ვან გოგი,
მთესველი, 1888
ქეიფი ვაზის ტალავერში
შალვა ქიქოძე, ლუქსემბურგის
ბაღი, 1920
დიმიტრი ერითავი,
კლასობანა, 1965
ედმუნდ კალანდაძე,
ზაფხულის წვიმა, 2002
გამოყენებული ლიტერატურა:
1. მერილინ სთოქსთედი,
მაიკლ ვ. ქოთრენი ხელოვნების ისტორია (xvi-xvii საუკუნეები ევროპა) - https://drive.google.com/file/d/103opORM-0mV7UpUMK9kaVsnde_C_x867
2. What is genre painting? https://www.khanacademy.org/humanities/renaissance-reformation/baroque-art1/beginners-guide-baroque1/v/what-is-genre-painting
Comments
Post a Comment